ქალის დაუფასებელი როლი
რამდენ რამეს ქმნის ქალი, რასაც ხშირად მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა ის ამას აღარ აკეთებს.
ქალის ცხოვრებაში არის ისეთი შრომა, რომელსაც ვერ დაინახავ, თუ მხოლოდ იმას უყურებ, რასაც მისი ხელები აკეთებს.
არსებობს შრომა, რომელსაც ქალი გულით ასრულებს.
- ის უსმენს.
- ამჩნევს.
- იმახსოვრებს.
- გეგმავს.
- ზრუნავს.
- არიგებს.
- ამშვიდებს.
- ელოდება.
- პატიობს.
- ცდილობს.
და იმდენად ხშირად აკეთებს ამას, რომ მისი ზრუნვა ნელ-ნელა ბუნებრივ მოცემულობად იქცევა. სწორედ აქ იწყება პრობლემა. ადამიანები ეჩვევიან იმას, რასაც ყოველდღე იღებენ და ზოგჯერ ვეღარ ამჩნევენ მის ფასს.
პრობლემა | ქალის უხილავი შრომა
ქალის როლი ოჯახსა და ურთიერთობაში მხოლოდ დედობა ან მეუღლეობა არ არის.
ქალი ერთდროულად არის:
- ემოციური საყრდენი | უსმენს სხვებს, ამშვიდებს და ცდილობს ოჯახის ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას.
- მზრუნველი | ამჩნევს სხვების საჭიროებებს მანამდე, სანამ ისინი თავად იტყვიან, რომ რამე სჭირდებათ.
- ოჯახის ორგანიზატორი | გეგმავს, იმახსოვრებს, ითვალისწინებს, აწყობს და წინასწარ ფიქრობს იმაზე, რაც სხვებს ხშირად არც კი ახსოვთ.
- შუამავალი | ცდილობს კონფლიქტის განმუხტვას და ადამიანებს შორის კავშირის შენარჩუნებას.
- მეუღლე და პარტნიორი | ურთიერთობაში შეაქვს ყურადღება, ემოციური ჩართულობა, მოთმინება და სურვილი, რომ ურთიერთობა არ დაიშალოს.
- დედა | ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ საჭიროებებზე, არამედ მის ემოციებზე, უსაფრთხოებასა და მომავალზე.
- შვილი | ხშირად ზრუნავს საკუთარ მშობლებზეც და ცდილობს სხვადასხვა თაობას შორის კავშირის შენარჩუნებას.
- პროფესიონალი | ქმნის საკუთარ კარიერას, ვითარდება და მუშაობს, მაშინაც კი, როცა მისგან ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულებასაც ელიან.
- მხარდამჭერი | ხშირად დგას სხვა ადამიანის გვერდით მაშინ, როცა მას თავად სჭირდება მხარდაჭერა.
ეს ყველაფერი კი მხოლოდ როლების ჩამონათვალი არ არის, თითოეული როლის უკან დგას დრო, ენერგია, ფიქრი და ემოციური რესურსი და ყველაზე ხშირად სწორედ ეს ნაწილი რჩება უხილავი.
ქალი ხშირად ატარებს იმას, რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ
ის შეიძლება ფიქრობდეს:
„ბავშვს როგორ ვუთხრა?“
„დედას ხომ არ სჭირდება რამე?“
„რატომ არის დღეს ასეთი ჩუმი?“
„როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?“
„როგორ არ გავაღრმაოთ კონფლიქტი?“
„რა უნდა გავაკეთოთ ხვალ?“
„ყველაფერი ხომ კარგად არის?“
გარედან ეს ფიქრები არ ჩანს, მაგრამ შინაგანად ისინი მუდმივ ემოციურ დატვირთვას ქმნის.
ამიტომ ქალი შეიძლება ფიზიკურად იჯდეს მშვიდად, მაგრამ შინაგანად მთელი ოჯახის ცხოვრების ათეულობით დეტალს ატარებდეს.
და რადგან ამას ყოველდღიურად აკეთებს, ხშირად მის შრომას შრომად აღარ აღიქვამენ.
რა ქმნის ამ პრობლემას?
ქალის დაუფასებლობას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს.
მას ქმნის ოჯახი, კულტურა, სოციალური მოლოდინები და ის წარმოდგენები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ბევრ ქალს ბავშვობიდან ასწავლიან:
„მოითმინე.“
„დაუთმე.“
„ოჯახისთვის გააკეთე.“
„მთავარია, ოჯახი შეინარჩუნო.“
„შენ უფრო ძლიერი ხარ.“
თავისთავად მოთმინება და ზრუნვა ცუდი თვისებები არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ქალს ასწავლიან, რომ სხვების კეთილდღეობა მუდმივად საკუთარ საჭიროებებზე
წინ დააყენოს:
ჯერ ბავშვები.
შემდეგ მეუღლე.
შემდეგ მშობლები.
შემდეგ საქმე.
შემდეგ სხვა ადამიანები.
და საკუთარი თავი | ყოველთვის შემდეგ.
ასე შეიძლება ადამიანი თანდათან შეეჩვიოს საკუთარი სურვილების გადადებას.
თავდაპირველად ეს არჩევანია | შემდეგ ჩვევა | შემდეგ მოვალეობად იქცევა.
ბოლოს ქალი ვეღარ ხვდება, სად მთავრდება სიყვარული და სად იწყება საკუთარი თავის დაკარგვა.
როცა ქალის სიძლიერე მის წინააღმდეგ მუშაობს
არსებობს ერთი დიდი პარადოქსი: რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო ხშირად ელიან მისგან, რომ ყველაფერს გაუძლებს.
თუ ის ყველაფერს აგვარებს | ეჩვევიან.
თუ ყველაფერს ითმენს | კიდევ მეტს სთხოვენ.
თუ არასდროს ითხოვს დახმარებას | ფიქრობენ, რომ დახმარება არ სჭირდება.
თუ მუდმივად ამბობს „არაუშავს“ | ბოლოს შეიძლება ვეღარავინ შეამჩნიოს, რომ სინამდვილეში აღარ არის მშვიდად.
როდესაც ქალი ბოლოს ამბობს: „დავიღალე“,
გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ის უცებ შეიცვალა, თუმცა ადამიანი იშვიათად იცვლება უცებ.
ხშირად ცვლილებამდე მოდის უამრავი პატარა დუმილი.
უამრავი უთქმელი წყენა.
უამრავი გადადებული სურვილი.
უამრავი შემთხვევა, როცა ქალს უბრალოდ უნდოდა, რომ ვინმეს შეემჩნია: „მე აღარ შემიძლია ყველაფრის მარტო ტარება.“
გამოსავალი | ქალის როლების მიღმა ადამიანის დანახვა
ქალის დაფასება მხოლოდ სიტყვებით ნათქვამი „მადლობა“ არ არის.
დაფასება ნიშნავს დანახვას.
- დაინახო მისი შრომა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ყველაფერს აკეთებს.
- შეამჩნიო მისი დაღლა მაშინ, როცა ჯერ კიდევ იღიმის.
- მოუსმინო მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეუძლია სხვების მოსმენა.
- არ დაელოდო მის გაჩუმებას, გაბრაზებას ან წასვლის სურვილს, რათა მიხვდე, რომ მას რაღაც სჭირდებოდა.
ჯანსაღ ურთიერთობაში პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის.
ზრუნვა ორმხრივია.
მოსმენა ორმხრივია.
მხარდაჭერა ორმხრივია.
ოჯახის შენარჩუნებაც ორივე ადამიანის პასუხისმგებლობაა.
საკუთარ თავთან დაბრუნება
ქალს არ უნდა სჭირდებოდეს მუდმივად საკუთარი თავის დავიწყება იმისთვის, რომ კარგი დედა, მეუღლე, შვილი ან პარტნიორი იყოს.
მას აქვს უფლება თქვას:
„დავიღალე.“
„ახლა დახმარება მჭირდება.“
„ეს აღარ შემიძლია.“
„ეს ჩემთვის მისაღები არ არის.“
„ახლა საკუთარ თავზეც უნდა ვიზრუნო.“
ეს ეგოიზმი არ არის | ეს არის საზღვარი.
ჯანსაღი საზღვარი სიყვარულის წინააღმდეგ კი არ დგას | ის სიყვარულს ჯანსაღ ფორმას აძლევს.
რადგან როდესაც ქალი საკუთარ თავს მუდმივად კარგავს სხვებისთვის, საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს მდგომარეობაში, სადაც ყველასთვის არსებობს | საკუთარი თავის გარდა.
ყველაზე დაუფასებელი როლი | ქალი, როგორც ადამიანი
ჩვენ ხშირად ვხედავთ ქალს მისი ფუნქციებით:
დედას.
მეუღლეს.
შვილს.
მზრუნველს.
დიასახლისს.
პროფესიონალს.
მეგობარს.
მხარდამჭერს.
მაგრამ ამ ყველა როლის მიღმა არის ადამიანი | რომელსაც თვითონაც სჭირდება :
- სიყვარული.
- მხარდაჭერა.
- მოსმენა.
- სიმშვიდე.
- დასვენება.
- პირადი სივრცე.
- საკუთარი ოცნებები.
- უფლება, რომ ყოველთვის ძლიერი არ იყოს.
ქალის ღირებულება არ იზომება იმით, რამდენს ითმენს.
არც იმით, რამდენ ადამიანს ეხმარება.
არც იმით, რამდენად კარგად ასრულებს ყველა იმ როლს, რომელიც ცხოვრებამ მიანიჭა.
ქალი ფასეულია მანამდეც, სანამ ვინმეს დაეხმარება ან მოუვლის.
სწორედ აქ იწყება ნამდვილი სიყვარული
არა კითხვით: „კიდევ რას აკეთებ ჩემთვის?“
არამედ კითხვით: „როგორ შემიძლია მე ვიზრუნო შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე?“
რადგან სიყვარული მხოლოდ მიღება არ არის, სიყვარული არის უნარი, დაინახო ადამიანი, რომლის ზრუნვასაც იმდენად მიეჩვიე, რომ მისი არსებობა უკვე ბუნებრივ მოცემულობად აღარ უნდა გეჩვენებოდეს.
ზოგჯერ ქალი არ მიდის მაშინ, როცა სიყვარული მთავრდება, ხშირად ის მიდის მაშინ, როცა :
ძალიან დიდხანს უყვარდა მარტო.
ძალიან დიდხანს ზრუნავდა მარტო.
ძალიან დიდხანს ცდილობდა მარტო.
და ძალიან დიდხანს ამბობდა: „არაუშავს.“
სწორედ ამიტომ არის ქალის ეს სიტყვა ყველაზე ფრთხილად მოსასმენი.
რადგან ზოგჯერ „არაუშავს“ ნიშნავს არა იმას, რომ ყველაფერი კარგად არის |
არამედ იმას, რომ ადამიანმა უკვე ძალიან ბევრი რამ ისწავლა ჩუმად ტარება.
Comments