როცა ქალი სხვაში ეძებს
ხშირად მესამე ადამიანი ურთიერთობაში მაშინ ჩნდება, როცა ორ ადამიანს შორის კავშირი უკვე დიდი ხანია უხილავად შესუსტებულია.
ეს ყოველთვის ერთ კონკრეტულ დღეს არ იწყება. ხშირად ამას წინ უძღვის თვეები ან წლები, როცა ურთიერთობა ნელ-ნელა იცვლის სახეს | საუბარი მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებზე გადადის, ერთმანეთის ემოციების მიმართ ინტერესი მცირდება, სიახლოვე იკლებს, ხოლო ის, რაც ადრე ბუნებრივად მოდიოდა, თანდათან ძალისხმევას მოითხოვს.
გარედან კი შეიძლება ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, ისინი ისევ ერთად არიან, ერთად ცხოვრობენ, გეგმავენ მომავალს, ინაწილებენ პასუხისმგებლობებს, ზრდიან შვილებს და თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ.
თუმცა ურთიერთობას აქვს ერთი უხილავი შრე, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ | ეს არის ემოციური კავშირი.
სწორედ ეს კავშირი იწყებს თავიდან შესუსტებას და შემდეგ გაქრობას მანამდე, სანამ ურთიერთობა გარეგნულად დაინგრევა.
ქალს შეიძლება კვლავ უყვარდეს პარტნიორი, პატივს სცემდეს მას და საერთოდ არ ფიქრობდეს სხვა ადამიანზე, მაგრამ შინაგანად უკვე გრძნობდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლია.
თავიდან ეს შეიძლება მხოლოდ მცირე უკმაყოფილება იყოს:
- „აღარ მელაპარაკება ისე, როგორც ადრე.“
- „აღარ აინტერესებს, რას ვგრძნობ.“
- „ჩემი ემოციები მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი.“
მაგრამ როცა ასეთი განცდები მეორდება და პასუხს ვერ პოულობს, მცირე უკმაყოფილება თანდათან ემოციურ დანაკლისად იქცევა, ხოლო თუ დანაკლისი დიდხანს გრძელდება, ის შეიძლება ემოციურ შიმშილად გადაიქცეს.
ქალს შეიძლება გაუჩნდეს განცდა:
„მე ამ ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ამ ურთიერთობაში აღარ ვგრძნობ თავს.“
როგორ ჩნდება ურთიერთობაში ემოციური დანაკლისი?
ურთიერთობები იშვიათად ინგრევა ერთი დიდი მოვლენით ან რაიმე ფაქტით.
ხშირად ისინი ნელ-ნელა იცლება | პატარა, განმეორებადი გამოცდილებებით.
- როცა ქალი რაღაცას გულწრფელად ყვება და პარტნიორი მხოლოდ ფორმალურად უსმენს.
- როცა მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ მის ემოციას მაშინვე რჩევით ან კრიტიკით პასუხობენ.
- როცა მისი წყენა „ზედმეტ მგრძნობელობად“ აღიქმება.
- როცა პრობლემებზე საუბარი ყოველთვის კამათში გადადის და რეალური საკითხი მოუგვარებელი რჩება.
- როცა მისი ზრუნვა და ძალისხმევა იმდენად ჩვეულებრივი ხდება, რომ მადლიერება ქრება.
- როცა პარტნიორი ფიზიკურად გვერდით არის, მაგრამ ემოციურად შორს.
თავიდან ქალი შეიძლება გაბრაზდეს | შემდეგ შეეცადოს ახსნას | შემდეგ ისევ სცადოს | შემდეგ დაელოდოს, რომ რაღაც შეიცვლება | და ბოლოს შეიძლება უბრალოდ გაჩუმდეს.
ადამიანის დუმილი ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს. ზოგჯერ ის იმედგაცრუების ბოლო ეტაპია.
როცა ადამიანი აღარ ითხოვს, აღარ ხსნის, აღარ კამათობს და აღარ ცდილობს, შესაძლოა იმიტომ, რომ შინაგანად უკვე დაკარგა რწმენა:
„იქნებ ოდესმე დამინახონ და გამიგონ.“
ყველაზე მტკივნეული მარტოობა
ქალს შეიძლება ჯერ კიდევ უყვარდეს თავისი პარტნიორი | შეიძლება არც დაშორება უნდოდეს | შეიძლება არც თავად ჰქონდეს ბოლომდე გააზრებული, რა ხდება მის შიგნით.
მაგრამ თანდათან გაჩნდეს განცდა:
„ჩემს გვერდით ადამიანი არის, მაგრამ მაინც მარტო ვარ.“
ეს ემოციური მარტოობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა | როცა ფიზიკურად ვიღაცასთან ხარ, მაგრამ შინაგანად მასთან ახლოს ვეღარ მიდიხარ, რადგან ურთიერთობაში მარტო ყოფნა უფრო მტკივნეულია, ვიდრე მარტო ცხოვრება.
სწორედ აქ ჩნდება სხვა ადამიანი, როცა ემოციური მოთხოვნილებები დიდი ხნის განმავლობაში დაუკმაყოფილებელი რჩება, ადამიანი იწყებს იმ განცდის ძებნას, რომელიც დაკარგული აქვს.
სხვა ადამიანმა შეიძლება უბრალოდ მოუსმინოს.
- დაინტერესდეს.
- დაინახოს
- შეამჩნიოს.
- იგრძნოს
- დააფასოს.
ჰკითხოს: „როგორ ხარ?“ | და გულწრფელად მოინდომოს პასუხის მოსმენა.
ზოგჯერ სწორედ ეს უბრალო ყურადღება ხდება ძალიან ძლიერი ემოციური გამოცდილება.
არა იმიტომ, რომ მეორე ადამიანი აუცილებლად განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ ის აძლევს ადამიანს იმას, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა.
ამიტომ ქალი ყოველთვის სხვას არ ეძებს | ზოგჯერ ის ეძებს საკუთარ თავს, რომელიც ამ ურთიერთობაში დაკარგა.
იმ ქალს, რომელიც ოდესღაც იყო ცოცხალი, საინტერესო, თავისუფალი, დანახული, აღიარებული, დაფასებული და ემოციურად დაკავშირებული.
როცა სხვა ადამიანი ამ განცდას აღვიძებს, ჩნდება შეგრძნება: „მე ისევ ცოცხალი ვარ.“
ემოციური შიმშილი და სიყვარული ერთი და იგივე არ არის
ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აკლია სითბო, ყურადღება და სიახლოვე, მცირე ემოციურმა გამოხმაურებამაც კი შეიძლება უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინოს.
ამიტომ ძლიერი მიზიდულობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ახალი ადამიანი ნამდვილად არის ის, ვინც გვჭირდება.
ზოგჯერ ის უბრალოდ კონტრასტია იმ სიცარიელისა, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით.
ამიტომ საკუთარ თავთან რამდენიმე რთული კითხვა უნდა დავსვათ:
- მე ეს ადამიანი მიყვარს | თუ მიყვარს ის განცდა, რომელიც მის გვერდით საკუთარ თავში მეღვიძება?
- მას ვეძებ | თუ საკუთარ თავს ვეძებ?
- ახალი ურთიერთობა მინდა | თუ ძველი ტკივილისგან გაქცევა?
დანაკლისი ღალატს არ ამართლებს
მიზეზის გაგება და ქცევის გამართლება ერთი და იგივე არ არის.
თუ ადამიანი ღალატს ირჩევს, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელია.
მაგრამ მხოლოდ დამნაშავის ძებნით ურთიერთობის ისტორია ვერ აიხსნება.
ღრმა კითხვა:
- როდის დავკარგეთ ერთმანეთი?
- როდის შეწყდა ერთმანეთის მოსმენა?
- როდის გაქრა ინტერესის გამოხატვა?
- როდის გახდა გულწრფელობა რთული?
- როდის გაქრა შეხება და სიახლოვე?
- როდის გადაიქცა სიყვარული მხოლოდ მოვალეობად?
-როდის გავხდით ერთმანეთისთვის ნაცნობები, რომლებიც
ერთმანეთის შესახებ ყველაფერს იცნობენ, მაგრამ ერთმანეთის შინაგანი სამყარო უკვე აღარ იციან?
გამოსავალი | ურთიერთობის განახლება
ემოციური შიმშილის გამოსავალი კონტროლი, ეჭვიანობა, აკრძალვები ან მუდმივი ეჭვი არ არის.
პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია | სიმართლის დანახვა და აღიარება.
უნდა გაჩნდეს კითხვა:
„რა დაგაკლდა ამ ურთიერთობაში?“
არა | „ვინ მოგწონს?“
არა | „რატომ გააკეთე ეს?“
არამედ: „რა აღარ გქონდა ჩემთან, რამაც ემოციურად სხვაგან გაგახედა?“
საჭიროა ერთმანეთის მოსმენა არა თავის დასაცავად, არამედ გასაგებად.
უნდა დასახელდეს ის, რაც დაიკარგა | ნდობა, სითბო, ყურადღება, ინტიმურობა, დაფასება თუ ემოციური უსაფრთხოება.
სიტყვები ქცევად უნდა იქცეს, რადგან ნდობა ერთ საუბარში არ ბრუნდება | სითბო ერთი ჟესტით არ აღდგება.
ემოციური სიახლოვე მხოლოდ დაპირებით არ ჩნდება.
ურთიერთობა ყოველდღიურად უნდა განახლდეს.
- ყურადღებით.
- ინტერესით.
- დროის დათმობით.
- მადლიერებით.
- მოსმენით.
- შეხებით.
იმ პატარა მომენტებით, რომლებიც პარტნიორს აგრძნობინებს:
„მე შენ გხედავ.“
„შენი განცდები ჩემთვის მნიშვნელოვანია.“
„შენ ამ ურთიერთობაში მარტო არ ხარ.“
თუ ნდობა არის დაზიანებული ან წყვილი ერთსა და იმავე კონფლიქტში მუდმივად ბრუნდება, პროფესიული წყვილის თერაპია შეიძლება დაეხმაროს მათ დაინახონ არა მხოლოდ პრობლემა, არამედ ის ურთიერთობითი დინამიკა, რომელმაც პრობლემა შექმნა.
და ბოლოს...
შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არც ის იყოს: „რატომ ეძებს ქალი სხვაში?“
არამედ: „რა დარჩა მასში შეუვსებელი, რომ მისი შევსება სხვაგან დაიწყო?“
რადგან ზოგჯერ ქალი სხვაში სიყვარულს კი არ ეძებს, ის ეძებს საკუთარ დაკარგულ ხმას.
საკუთარ სითბოს | საკუთარ სიცოცხლეს | საკუთარ თავს.
ყველაზე მტკივნეული კითხვა, რომელიც ასეთ დროს შეიძლება დაიბადოს, არის: „რატომ დამჭირდა სხვისგან მიმეღო ის, რაც ყველაზე მეტად შენგან მჭირდებოდა?“
ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ხშირად სწორედ მტკივნეული სიმართლის დანახვა ხდება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანმა აღარ ეძებოს საკუთარი თავი სხვაში | და, ისევ საკუთარ თავთან დაბრუნდეს.
Comments