როცა მშობლები წყვილის ცხოვრებაში ერევიან
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელსაც წყვილები ურთიერთობებში აწყდებიან, მშობლების ჩარევაა.
თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ:
ნამდვილად ჩარევაა მთავარი პრობლემა, თუ უფრო ღრმა ფსიქოლოგიური პროცესები დგას ამის უკან?
ხშირად სინამდვილეში, მშობლების ჩარევა იშვიათად იწყება ცუდი განზრახვით.
უმეტეს შემთხვევაში, მას საფუძვლად სიყვარული, ზრუნვა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შვილების დაცვის სურვილი უდევს. მშობლებს სურთ, შვილები იმ ტკივილისგან და მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვან, რომელიც თავად გამოიარეს, აარიდონ შეცდომები, დაეხმარონ გადაწყვეტილებების მიღებაში და მათთვის უკეთესი მომავალი შექმნან.
თუმცა არსებობს ერთი ღრმა და უხილავი ზღვარი.
იქ, სადაც ზრუნვას კონტროლმა ჩაანაცვლა, სიყვარული თავისუფლებას კარგავს და სწორედ აქ იწყება ურთიერთობების უხილავი კრიზისი.
რატომ ხდება ასე?
1. მშობელს უჭირს შვილის ემოციურად გაშვება
ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი შვილების აღზრდაში მათი დამოუკიდებლობის მიღებაა.
შეიძლება შვილი უკვე ზრდასრული იყოს, ჰქონდეს საკუთარი ოჯახი, კარიერა და პასუხისმგებლობები, მაგრამ მშობლის ცნობიერებაში კვლავ იმ პატარა ბავშვად რჩებოდეს, რომელსაც მუდმივად დაცვა სჭირდება.
ამ დროს მშობელი ხშირად გაუცნობიერებლად ცდილობს, კვლავ თავად განსაზღვროს:
⁃ ვინ არის მისი შვილისთვის შესაფერისი პარტნიორი;
⁃ როგორ უნდა ცხოვრობდეს ახალგაზრდა ოჯახი;
⁃ როგორ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
⁃ როგორ უნდა აღზარდონ შვილები.
ეს სიყვარულის ნაკლებობა კი არა, ხშირად განშორების, დაკარგვისა და საკუთარი როლის შეცვლის შიშია.
2. დედის როლი | როდესაც სიყვარული ზედმეტ ზრუნვად იქცევა
დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირი, როგორც წესი, განსაკუთრებულად ღრმაა.
სწორედ ამიტომ, ზოგიერთ დედას უჭირს იმის მიღება, რომ ერთ დღეს შვილის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური ადგილი მის პარტნიორს ეკუთვნის.
ეს ყოველთვის ეჭვიანობა არ არის.
ხშირად ამის უკან დგას:
⁃ მარტოობის შიში;
⁃ საკუთარი საჭიროების დაკარგვის განცდა;
⁃ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დედობრივი როლის შეცვლის სირთულე;
⁃ სურვილი, შვილი ტკივილისგან დაიცვას.
ასეთ დროს დედა შეიძლება გულწრფელად ცდილობდეს დახმარებას, მაგრამ შეუმჩნევლად იწყებდეს:
⁃ დაუკითხავი რჩევების მიცემას;
⁃ პარტნიორის მუდმივ შეფასებას;
⁃ წყვილის გადაწყვეტილებებში ჩარევას;
⁃ საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევას.
რაც უფრო მეტად ცდილობს შვილის დაცვას, ზოგჯერ მით უფრო უშლის ხელს მის დამოუკიდებელ ცხოვრებას.
3. მამის როლი | როდესაც ავტორიტეტი კონტროლად იქცევა
მამის გავლენა ხშირად ნაკლებად ემოციურია, მაგრამ არანაკლებ ძლიერია.
უმეტეს ოჯახებში მამის სიტყვას ხშირად განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს.
ამიტომ მისი შეფასება, კრიტიკა ან რჩევა ახალგაზრდა ოჯახისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ზოგჯერ მამა ცდილობს განსაზღვროს:
⁃ ვინ არის ღირსეული პარტნიორი;
⁃ როგორ უნდა იმუშაოს ან იცხოვროს შვილმა;
⁃ როგორ უნდა განაწილდეს ფინანსები;
⁃ როგორი უნდა იყოს ოჯახი.
ამის უკან, უმეტეს შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ძლიერი განცდა დგას. თუმცა, როდესაც ავტორიტეტი თავისუფალ არჩევანს ცვლის, ურთიერთობაში დამოკიდებულება ჩნდება.
4. როდესაც მშობლები საკუთარ დაუმთავრებელ ცხოვრებას შვილებით აგრძელებენ
ზოგჯერ მშობლები საკუთარ ოცნებებს, იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ სურვილებს შვილებში დებენ.
⁃ რაც თავად ვერ შეძლეს, შვილმა უნდა შეძლოს.
⁃ რაც თავად დაკარგეს, შვილმა უნდა დაიბრუნოს.
⁃ რაც თავად ვერ მიიღეს, შვილმა უნდა მიიღოს.
ასეთ შემთხვევაში შვილი თანდათან საკუთარი ცხოვრებით აღარ ცხოვრობს და მშობლების დაუმთავრებელი ისტორიის გაგრძელებად იქცევა.
5. როდესაც მთელი ოჯახი ერთ ურთიერთობაში ცხოვრობს
ქართული კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა ოჯახური სიახლოვით. ეს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულებაა.
თუმცა ზოგჯერ სწორედ ეს სიახლოვე პირადი საზღვრების წაშლას იწვევს.
წყვილის პრობლემა მთელი ოჯახის პრობლემად იქცევა.
რადგან კონფლიქტში ერთვებიან:
⁃ დედა;
⁃ მამა;
⁃ და-ძმა;
⁃ ნათესავები;
⁃ ახლობლები.
შედეგად, ურთიერთობაში ორი ადამიანის ნაცვლად, ხშირად მთელი ოჯახი მონაწილეობს.
6. როდესაც ზრუნა კონტროლის ფორმას იღებს
ყველაზე რთული სწორედ ეს არის. იშვიათად იტყვის მშობელი: „შენს ცხოვრებას ვაკონტროლებ.“
უფრო ხშირად ამბობს:
⁃ „შენს კეთილდღეობაზე ვფიქრობ.“
⁃ „მე მეტი გამოცდილება მაქვს.“
⁃ „შენს სასიკეთოდ გეუბნები.“
⁃ „უბრალოდ არ მინდა, გეტკინოს.“
ამ სიტყვებში სიყვარული ნამდვილად შეიძლება იყოს, თუმცა თუ საბოლოო არჩევანის უფლება შვილს აღარ რჩება, ზრუნა თანდათან კონტროლად გადაიქცევა.
7. როდესაც თავად წყვილს არ აქვს საზღვრები
სიმართლე ისიც არის, რომ მშობლების ჩარევა მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა არ არის.
თუ მეუღლე ყოველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ჯერ მშობელს ეკითხება...
თუ ოჯახური კონფლიქტი პარტნიორთან საუბრის ნაცვლად მშობლებთან განიხილება...
თუ წყვილი ვერ ახერხებს საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას...
მაშინ ურთიერთობის საზღვრები ბუნებრივად ირღვევა.ძლიერი ოჯახი იქ იწყება, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდით დგას და არა ერთმანეთის ნაცვლად მშობლების მხარდაჭერას ეძებს.
რა შედეგები მოაქვს მუდმივ ჩარევას?
დროთა განმავლობაში ქრება:
⁃ ნდობა;
⁃ ემოციური უსაფრთხოება;
⁃ პარტნიორებს შორის ერთიანობა;
⁃ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
⁃ ინტიმურობა;
⁃ ურთიერთპატივისცემა.
წყვილი ერთმანეთთან ცხოვრებას წყვეტს და გარშემომყოფების მოლოდინებით იწყებს ცხოვრებას.
შესაძლოა, ყველაზე რთული კითხვა სწორედ ეს არის : შეგვიძლია თუ არა გვიყვარდეს ისე, რომ არ ვფლობდეთ?
რადგან სიყვარული ფლობა არასოდეს ყოფილა.
სიყვარული არის ნდობა და უნარი, გაუშვა ადამიანი საკუთარი გზით და მაინც დარჩე მის საყრდენად.
თერაპიული ხედვა
ჯანსაღ ოჯახში მშობლები არასოდეს კარგავენ საკუთარ მნიშვნელობას.
ისინი უბრალოდ როლს იცვლიან.
- აღარ იღებენ შვილების ნაცვლად გადაწყვეტილებებს.
- აღარ ცხოვრობენ მათი ცხოვრებით.
- აღარ მართავენ მათ ურთიერთობებს.
- ისინი რჩებიან გამოცდილებად.
- რჩებიან სითბოდ.
- რჩებიან სიყვარულად.
- აღარ აკონტროლებენ.
როდესაც მშობელი ენდობა შვილს, ის შვილსაც აძლევს საკუთარი ოჯახის შექმნის უფლებას.
ხოლო როდესაც წყვილი პატივს სცემს მშობლებს, მაგრამ საკუთარი საზღვრების დაცვასაც სწავლობს, იქ ურთიერთობა უფრო მშვიდი, სტაბილური და ჯანსაღი ხდება.
ფსიქოლოგიური შეხედულება
ურთიერთობას იშვიათად ანგრევს მხოლოდ მესამე ადამიანი. მას უფრო ხშირად ანგრევს დაუდგენელი საზღვრები, დაუმუშავებელი შიშები, ემოციური დამოკიდებულება და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის ნაკლებობა.
ყველაზე ძლიერი ოჯახი ის არ არის, სადაც მშობლები ყველაფერს წყვეტენ | არც ის, სადაც მშობლებს აღარ უსმენენ.
ყველაზე ძლიერი ოჯახი ის არის, სადაც ყველა თაობას თავისი ღირსეული ადგილი აქვს.
სადაც მშობლებს პატივს სცემენ, მაგრამ წყვილს საკუთარი სივრცეც აქვთ.
სადაც რჩევას უსმენენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთად იღებენ.
ოჯახი იქმნება ორი ადამიანის ყოველდღიური არჩევანით | იყვნენ ერთმანეთის მხარეს, ენდონ ერთმანეთს და შექმნან ისეთი სივრცე, სადაც სიყვარული თავისუფლებასთან ერთად ცხოვრობს.
Comments