top of page
Search

რატომ არ გვესმის ქალების

Writer: Mikheil Shani
Mikheil Shani
Sep 8
3 min read

„შენ ჩემი საერთოდ არ გესმის...“


ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფრაზაა, რომელიც ურთიერთობებში ხშირად ესმის მამაკაცს.

საინტერესო ის არის, რომ ამ სიტყვების უკან ყოველთვის სიყვარულის ნაკლებობა არ დგას.


ხშირად მამაკაცს გულწრფელად უყვარს, ზრუნავს, ცდილობს, პასუხისმგებლობას იღებს და ყველაფერს აკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, ქალი მაინც გრძნობს, რომ მისი შინაგანი სამყარო შეუმჩნეველი რჩება.


რატომ ხდება ასე?


ურთიერთობებში ყველაზე ღრმა კონფლიქტები ხშირად ფაქტების გამო კი არ ჩნდება, არამედ იმიტომ, რომ ქალი და მამაკაცი ერთსა და იმავე მოვლენას განსხვავებული შინაგანი გამოცდილებით აღიქვამენ და სხვა და სხვა ენაზე საუბრობენ.


ერთი ადამიანი პირველ რიგში პრობლემას ხედავს.

მეორე კი | იმ ემოციურ გამოცდილებას, რომელსაც ეს პრობლემა იწვევს.


სწორედ ამ განსხვავებული აღქმის გამო, ორი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთი გულწრფელად უყვარს, შეიძლება მაინც გრძნობდეს, რომ ერთმანეთის აღარ ესმით.


მამაკაცის შინაგანი სამყარო:


ბევრი მამაკაცი იზრდება ისეთი ღირებულებებით, სადაც საკუთარი მნიშვნელობა დაკავშირებულია არა იმასთან, რას გრძნობს, არამედ იმასთან, რას აკეთებს.


ბავშვობიდან ხშირად ესმის:

„იყავი ძლიერი.“

„იპოვე გამოსავალი.“

„შეასრულე შენი მოვალეობა.“

„პასუხისმგებლობა აიღე.“


წლების განმავლობაში ეს გზავნილები მის ფსიქიკაში აყალიბებს გარკვეულ შინაგან სისტემას.


მისი აზროვნება ხშირად ასე მოძრაობს:


მიზანი → მოქმედება → შედეგი


ამ სისტემას საფუძვლად უდევს:


- პასუხისმგებლობა;

- დაცვა;

- ზრუნვა;

- უზრუნველყოფა;

- სტაბილურობა;

- გადაწყვეტილების მიღება;

- პრობლემების გადაჭრა.


სწორედ ამიტომ, როდესაც მამაკაცი ხედავს, რომ საყვარელი ადამიანი იტანჯება, მისი პირველი რეაქცია ხშირად არის არა ემოციის მოსმენა, არამედ გამოსავლის ძებნა.


მამაკაცის შინაგანი დიალოგი ასეთია:


„რა უნდა გავაკეთო, რომ ეს გამოსწორდეს?“

„როგორ შევუმსუბუქო ტკივილი?“

„რით შემიძლია დავეხმარო?“


მისთვის სიყვარული ხშირად ქმედებით გამოიხატება.


- თუ უყვარხარ, ცდილობს დაგიცვას.

- თუ უყვარხარ, ცდილობს იზრუნოს.

- თუ უყვარხარ, ცდილობს პრობლემა მოაგვაროს.


და ხშირად ჰგონია, რომ სწორედ ასე გრძნობს მეორე ადამიანი მის სიყვარულს.


რატომ ვერ ხედავს მამაკაცი ქალის ემოციურ სამყაროს?


ეს იშვიათად არის გულგრილობის შედეგი | უფრო ხშირად ეს არის განსხვავებული ფსიქოლოგიური გამოცდილების შედეგი.


1. ის პრობლემას ხედავს იქ, სადაც ქალი განცდას გამოხატავს.


როდესაც ქალი ამბობს:


„დღეს ძალიან ცუდად ვარ.“


მამაკაცის გონება ხშირად ამას ასე თარგმნის:


„არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა მოვაგვარო.“


თუმცა ქალი შეიძლება სინამდვილეში ამბობდეს:

„დამინახე.“

„მომისმინე.“

„ჩემთან დარჩი.“


2. ბევრ მამაკაცს ემოციების ენა არ უსწავლია.


თუ ბავშვობიდან ადამიანს ასწავლიდნენ, რომ ტირილი სისუსტეა, ემოციების გამოხატვა კი არასასურველია, ბუნებრივია, ზრდასრულ ასაკში მას საკუთარი გრძნობების ამოცნობაც და სხვისი ემოციების წაკითხვაც უფრო გაუჭირდება. ის ხედავს სიტყვებს, თუმცა შეიძლება ვერ დაინახოს ის, რაც ამ სიტყვების უკან იმალება.


3. მამაკაცის სიყვარულის ენა მოქმედებაა.


ბევრი მამაკაცი ფიქრობს:


„თუ ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მიყვარხარ.“

მისთვის დახმარება პრობლემის მოგვარებაა | ქალისთვის კი იმავე მომენტში მთავარი შეიძლება იყოს არა გამოსავალი, არამედ ის, რომ ვიღაც უბრალოდ მის გვერდით დარჩეს.


ქალის შინაგანი სამყარო:


ქალისთვის ურთიერთობა მხოლოდ საერთო ცხოვრება არ არის. ის არის ადგილი, სადაც ადამიანს სურს, რომ დაინახონ, მოუსმინონ და მიიღონ.


მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:


- ემოციურ უსაფრთხოებას;

- მოსმენას;

- თანაგრძნობას;

- მიღებას;

- ყურადღებას;

- ნდობას;

- ემოციურ სიახლოვეს.


როდესაც ქალი ამბობს:


„მიჭირს.“

ხშირად ის არ ამბობს:

„მომიგვარე ჩემი პრობლემა.“

ის ამბობს:

„გამიგე.“ „იგრძენი, რასაც მე ვგრძნობ.“

„მაჩვენე, რომ ამ ყველაფერში მარტო არ ვარ.“


სად იბადება გაუგებრობა?


ქალი ამბობს:


„დღეს ძალიან რთული დღე მქონდა.“


მამაკაცი პასუხობს:


„ნუ იდარდებ, ყველაფერი მოგვარდება.“

ორივე სიყვარულით მოქმედებს.


მაგრამ ქალი ფიქრობს:


„მან ჩემი ტკივილი ვერ დაინახა.“


მამაკაცი კი ფიქრობს:

„მე ხომ დახმარება ვცადე.“


ორივე მართალია | ორივე ზრუნავს | თუმცა ისინი ერთმანეთის განსხვავებულ ენას უსმენენ.


რა არის გამოსავალი?


ურთიერთობა არ იწყება მაშინ, როდესაც ორი ერთნაირი ადამიანი ხვდება ერთმანეთს.

ურთიერთობა იწყება მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული ადამიანი ერთმანეთის სამყაროს გაცნობას იწყებს.


მამაკაცისთვის ქალის გაგება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ხვდება, რომ ყველა ემოცია გადასაჭრელი პრობლემა არ არის. ზოგჯერ ყველაზე დიდი მხარდაჭერა უბრალოდ მოსმენაა.


ქალისთვის კი მამაკაცის გაგება იწყება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მისი სიყვარული ყოველთვის სიტყვებით არ გამოიხატება.


ხშირად ის პასუხისმგებლობაში, ზრუნვაში, დაცვაში, შრომასა და ყოველდღიურ ქმედებებში ვლინდება.


სიყვარული არ არის ბრძოლა ლოგიკასა და ემოციას შორის | სიყვარული არის ორი განსხვავებული სამყაროს შეხვედრა და გაერთიანება.


სწორედ მაშინ, როდესაც ვსწავლობთ ერთმანეთის არა შეცვლას, არამედ მოსმენას, გაგებას, გულრწფელობას, დანახვას და დაფასებას | ურთიერთობა უფრო ღრმა, უფრო უსაფრთხო და უფრო ნამდვილი ხდება.

 
 
 

Recent Posts

See All
ქალი ღიმილის მიღმა

თუ ქალი ყოველთვის იღიმის, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ბედნიერია, ზოგჯერ ყველაზე ლამაზი ღიმილის მიღმა ყველაზე მეტი უთქმელი რამ იმალება. შეიძლება ქალი გიყურებდეს, გესაუბრებოდეს, იცინოდეს, ყოველდღიურ სა

 
 
 
რატომ გვიცრუვდება იმედები ურთიერთობებში

ხშირად, არაერთხელ გიგრძვნია ის მძიმე მარტოობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი, რომელსაც გიყვარს და ენდობოდი, შენს მოლოდინებს არ ამართლებს. - გეგონა, რომ გაგიგებდა. - გეგონა, რომ შენს გვერდით იქნე

 
 
 
ქალის დაუფასებელი როლი

რამდენ რამეს ქმნის ქალი, რასაც ხშირად მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა ის ამას აღარ აკეთებს. ქალის ცხოვრებაში არის ისეთი შრომა, რომელსაც ვერ დაინახავ, თუ მხოლოდ იმას უყურებ, რასაც მისი ხელები აკეთებს. არსე

 
 
 

Comments


 All rights reserved by MIKHEIL SHANI | ფსიქოლოგი | თერაპევტი | მიხეილ შანი © 2023

bottom of page